- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი
- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მანდატი განსაზღვრული გაერო-ს წესდების მუხლებში 1, 13 და 55. მისი მისიაა „ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა“. მაღალი ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, 1997 წელს გაერთიანდნენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და ადამიანის უფლებათა ცენტრი. აღნიშნულის შედეგად უმაღლესი კომისრის ოფისი უზრუნველყოფს სამდივნო მხარდაჭერას სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოებისთვის. უმაღლესი კომისრის ადგილსამყოფელი ჟენევაშია (შვეიცარია), თუმცა მისი ოფისი (და დირექტორი) იმყოფება ნიუ-იორკში. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობა დადგინდა გენერალური ასამბლეის 1993 წლის 20 დეკემბრის რეზოლუციით ¹48/141 (A/RES/48/ 141). მე-2 მუხლი უმაღლესი კომისრისგან მოითხოვს უნაკლო მორალურ სახეს, მაღალ პიროვნულ თვისებებს და გამოცდილებას როგორც ადამიანის უფლებებთან, ასევე გლობალური საზოგადოების მრავალფეროვანი კულტურების წვდომასთან დაკავშირებით. დანიშვნას ახორციელებს გაერო-ს გენერალური მდივანი, რომელიც, თავის მხრივ, დამტკიცებულია გენერალური ასამბლეის მიერ. უმაღლესი კომისარი ირჩევა ოთხწლიანი ვადით და გეოგრაფიული როტაციის გათვალისწინებით. გაერო-ს სისტემაში აღნიშნული თანამდებობა შეესატყვისება გენერალური მდვინის მოადგილის დონეს. უმაღლესი კომისრის უმთავრესი პასუხისმგებლობა ეხება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გაერო-ს იმ ღონისძიებებს, რომლებსაც მართავს გენერალური მდივანი. მის პასუხისმგებლობაში შედის ადამიანის უფლებათა დაცვის და პროპაგანდის კოორდინირება გაერო-ს მთელ სისტემაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ტექნიკური და ფინანსური დახმარება ადამიანის უფლებათა სფეროში, აქტიური მონაწილეობა ადამიანის უფლებების წინაშე არსებული ბარიერების მოხსნაში, ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამების ჩამოყალიბება და არსებული სისტემის მოდერნიზება მისი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოვების მიზნით უმაღლესი კომისარი ასევე ჩართულია დიალოგში მთავრობებთან. უმაღლესი კომისარი განსაზღვრავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ქმედებების ცენტრალურ საკითხებს გაერო-ს ეგიდით, ანუ „ადამიანურ სახეს“ ადამიანის საერთაშორისო უფლებებისთვის. ზემოხსენებული ქმედებების და გამოსვლების, ბრიფინგების, პუბლიკაციების და კონფერენციების საშუალებით უმაღლესი კომისარი იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის მაღალი საზოგადოებრივი პროფილის შესანარჩუნებლად. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საკითხებში განათლების ათწლეული.Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
Georgian encyclopedia. 2013.